მძიმე დაავადებები
პერიფერიული ნეიროპათია
პერიფერიული ნეიროპათია - პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება (პერიფერიული ნეიროპათია არის პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება), რომელიც თავის ტვინიდან და ზურგის ტვინიდან (ცენტრალური ნერვული სისტემა) ინფორმაციას გადასცემს სხეულის ნებისმიერ ნაწილს და პირიქით. ნერვები, რომლებმაც შეიძლება დაზიანდეს პერიფერიული ნეიროპათიით:
სენსორული ნერვები, რომლებიც ღებულობენ შეგრძნებებს
მოტორული ნერვები, რომლებიც აკონტროლებენ კუნთების მოძრაობას
ვეგეტატიური ნერვები, რომლებიც აკონტროლებენ შინაგანი ორგანოების ფუნქციებს.
დაზიანებული ნერვების რაოდენობიდან გამომდინარე, არსებობს შემდეგი კლასიფიკაცია: მონონეიროპათია (ცალკეული პერიფერიული ნერვის დაზიანება), მრავლობითი მონონეიროპათია (ორი ან მეტი ნერვის დაზიანება) და მრავლობითი პოლინეიროპათია (პერიფერიული ნერვების მრავლობითი დაზიანება ერთდროულად მთელ სხეულში).
პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს თანდათანობით დაბუჟებას და წვას ხელებში და ფეხებში, ჩხვლეტას, მკვეთრ ტკივილს, შეხებაზე უკიდურეს მგრძნობიარობას, კოორდინაციის არარსებობასა და დაცემას, კუნთების სისუსტეს ან დამბლას და ა.შ.
მონონეიროპათიის განვითარების ყველაზე გავრცელებული მიზეზია ფიზიკური ტრავმა, გამოწვეული ხანგრძლივი ზეწოლით ნერვზე, რომელიც გადის სხეულის ზედაპირთან ახლოს, ან ძვლოვანი შვერილების ადგილებში (იდაყვი, მხარი, მუხლი). გარდა ამისა, ნერვები შეიძლება დაზიანდეს ინტენსიური აქტივობის დროს, სიცივის ან სითბოს ხანგრძლივი ზემოქმედებით, აგრეთვე სხივური თერაპიის დროს.
ზოგიერთ პერიფერიულ ნერვს უფრო მიდრეკილება აქვთ დაზიანებისკენ (medianus, ulnaris, radialis და peroneus). მცირე წვივის ძვალზე (peroneus) დაჭერისას, რომელიც მდებარეობს კანის ზედაპირთან ახლოს და წვივის ზედა ნაწილში, ფეხის ამწევი კუნთები სუსტდება და ტერფი ხდება დაკიდებული.
რევმატოიდული ართრიტი
რევმატოიდული ართრიტი არის სახსრების ქრონიკული დაავადება, რომელსაც თან ახლავს ანთება, შეშუპება, ტკივილი და სახსრების ფუნქციის
დაკარგვა. პროცესი იწყება სინოვიალურ ჩანთაში, რომელიც გამოიმუშავებს სინოვიალურ სითხეს, რომელიც ემსახურება სახსრების გაპოხვას. მისი დამცავი ფუნქციის გარდა, სინოვიური ჩანთა უზრუნველყოფს სახსრის ხრტილის კვებას, რომელიც შედგება კოლაგენისგან, რომლითაც დაფარულია ძვლების ბოლოები.
როდესაც ანთებითი პროცესი მოიცავს სინოვიალურ ჩანთას, კოლაგენი ირღვევა და, შესაბამისად, სასახსრე სივრცე მცირდება.
შემაერთებელი და გრანულაციური ქსოვილის შექმნისას წარმოიქმნება ე.წ. პანუსი, რომელიც აზიანებს და არღვევს ხრტილსა და ძვალს, და შედეგად, ჩნდება სახსრების არასტაბილურობა, რაც დამახასიათებელია რევმატოიდული ართრიტის პროგრესირების ეტაპზე.
შეიძლება დაზიანდეს ყველა სახსარი, ხერხემლის მცირე სახსრების ჩათვლით. სახსრების სინდრომი ხასიათდება: დილის შებოჭილობით, სახსრების ტკივილითა და შეშუპებით, რბილი ქსოვილების ტემპერატურის ადგილობრივი მომატებით.
დაავადების პროგრესირებასთან ერთად სიმპტომები უფრო გამოხატულია, არსებობს მოძრაობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა, სახსრების არასტაბილურობა, დეფორმაცია, დეგენერაცია და კუნთების სისუსტე.
ტროფიკული წყლული
ტროფიკული წყლული ვითარდება კანის იშემიური ნეკროზისა და დაწყლულების შედეგად, და ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ქსოვილის უფრო ღრმა სტრუქტურაზე.
დაზიანებები თავდაპირველად ჩნდება პაპულის სახით (მყარი ამოწეული ადგილი 1 სმ-ზე ნაკლები დიამეტრით - მეჭეჭები, მწერების ნაკბენები ...) ფეხის ქვედა ნაწილში, ჩვეულებრივ, ტრავმის ადგილზე. დროთა განმავლობაში ტროფიკული წყლულის ფართობი იზრდება, იცვლება მისი ფორმა და წარმოიქმნება ნეკროზის ეტაპზე მყოფი პუსტულა (ჩირქგროვა). დაავადებას თან ახლავს ტკივილი, ცხელება და საერთო სისუსტე. რამდენიმე კვირის განმავლობაში წყლული იზრდება და წყლულიდან ჟონავს სისხლიანი ან ჩირქოვანი, არაიშვიათად სუნიანი გამონადენი. ზოგჯერ ტროფიკული წყლულის განკურნება შესაძლებელია სპონტანურად, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ღრმა დაზიანება, რომელიც შეაღწევს კუნთებში, მყესებში და ძვლებში. მკურნალობის გარეშე, წყლულოვანმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწიბურების წარმოქმნა და ინვალიდობა.
დიაბეტური ტერფი
შაქრიან დიაბეტს იწვევს კუჭქვეშა ჯირკვალიდან ინსულინის სეკრეციის დარღვევები და ამის შედეგად, არ ხდება სისხლში შაქრის მეტაბოლიზება და ის არ გადაეცემა უჯრედებს, რომლებიც მას იყენებენ ენერგიის წყაროს სახით. უჯრედებში შაქრის მცირე რაოდენობით და სისხლში დიდი რაოდენობით შაქრის არსებობის გამო, წარმოიქმნება მრავალი ქსოვილისა და ორგანოს დაზიანება, რომელთა დაყოფაც შეიძლება შემდეგი სახით: ანგიოპათია (სისხლძარღვების დაზიანება) და ნეიროპათია (ნერვების დისფუნქცია). არასაკმარისი სისხლის მიმოქცევისა და ნერვების დაზიანების შედეგად, ჩნდება დიაბეტური ტერფის სინდრომი. ტერფზე არაოპტიმალური დატვირთვის შედეგად, ვითარდება ნერვული დაბოლოებების დაზიანება, რაც იწვევს ტერფის (ფეხის თითების, ტერფის, ქუსლის და ტერფის თაღების) მომატებულ ტრავმატიზაციას,
სიმპტომებში შედის: კანის ფერის ცვლილება, ცივი ფეხები, სიწითლე, სიმშრალე, ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება, ფრჩხილების სტრუქტურის ცვლილებები და ა.შ.
შარკოს ტერფი - არის შაქრიანი დიაბეტის სერიოზული გართულება (დიაბეტური ტერფის სინდრომის ფორმა), რომელიც ხასიათდება ტარზომეტატარზალურ ნაწილში ტერფის ძვლების თანაფარდობის ცვლილებით. ტერფის ძვლების თანაფარდობის ცვლილება იწვევს ტერფის თაღის დაწევას, რაც იწვევს რბილი ქსოვილების დეფორმაციას და დაზიანებას. დეფორმირებული ტერფის ცალკეული მიდამოების გადატვირთვა იწვევს წყლულოვანი დეფექტების წარმოქმნას; მათი ინფიცირებისას შესაძლებელია ნეკროზისა და განგრენის განვითარება. ინფექციები და განგრენა იწვევს რბილი ქსოვილებისა და ძვლის დარღვევას და ოსტეოლიზს, რაც იწვევს თითების ან მთელი ტერფის ამპუტაციას.
დიაბეტური ტერფის წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა: ფეხების რეგულარული დაბანა, რბილი პირსახოცით შემშრალება, ფრჩხილების აკურატული და სწორი მოჭრა, სპეციალური კრემების გამოყენება და კომფორტული ფეხსაცმლის ტარება. სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად დიაბეტით დაავადებულთათვის არსებობს სპეციალური წინდები მატყლის ბოჭკოებით, ორთოპედი ქირურგები ასევე გვირჩევენ ორთოპედიული ფეხსაცმლის დამზადებას ინდივიდუალური ზომების შესაბამისად.







